მომხმარებლის გამოკითხვა
დიზაინ აზროვნების დამფუძნებელი დევიდ კელი ამბობს, დღეს ადამიანს რომ ჰკითხო რა სურს ან რა მოსწონს, იგივეა რაც მის წარმომადგენელს ჰკითხოო. ჩვენსა და რეალობას შორის იმდენი ფილტრი არსებობს, ადამიანები ზოგჯერ ნებსით, ზოგჯერ კი უნებლიეთაც იტყუებიან ან უჭირთ თვითგამორკვევა ან საკუთარი აზრის დაფიქსირება. ამიტომაც კლასიკური კვლევის მეთოდები როგორიცაა გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფები არ გვაძლევს რეალურ სურათს თუ რა საჭიროება აქვს სინამდვილეში მომხმარებელს.მომხმარებლის გამოკითხვას და ფოკუს ჯგუფებს ვიყენებთ ფსიქოგრაფიული და ბიჰეივიორისტული კვლევისასაც, თუმცა კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს.
იდეის ვალიდაცია
შეიძლება გეგონოთ რომ ვიდრე პროდუქტს გამოუშვებთ, მომხმარებლის გამოკითხვას აზრი არ აქვს, რადგან სანამ მის წინაშე რეალური პროდუქტი ან სერვისი და შეთავაზება არ იქნება, მომხმარებელი ვერ მიხვდება რამდენად სჭირდება ესა თუ ის პროდუქტი. მართლაც, გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად ის გამოკითხულები, რომლებიც კვლევის დროს ენთუზიაზმს ავლენენ, არ არიან ერთ ერთი პირველი მომხმარებლები. ამის მიზეზი პროტოტიპის ტესტირებისას მიცემული უკუკავშირი და მეორე კი ის გარემოებები, სტიმული ან ბარიერები რის წინაშეც შესაძლოა მომავალში აღმოჩნდეს მომხმარებელი. იდეის ვალიდაციისთვის მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ პოტენციური მომხმარებლები. მაგალითად თუ პროდუქტის იდეის ვალიდაციას მხოლოდ ინოვატორებთან ვაკეთებთ დიდი ალბათობით ადრეული უმრავლესობა განსხვავებული ენთუზიაზმით მიუდგება პროდუქტის გამოჩენას. იმისთვის რომ ვალიდაცია ინფორმაციული იყოს საჭიროა თითოეულ სეგმენტში (ინოვატორები, ადრეული ადეპტები, ადრეული უმრავლესობა, გვიანი უმრავლესობა, ძველმოდურები) 5-5 პოტენციური მომხმარებელი მაინც გამოვკითხოთ.
ინტერვიუს დროს გასათვალისწინებელი რჩევები:
კითხვარის შედგენამდე კარგად დაფიქრდით რა ინფორმაცია გსურთ მიიღოთ ამ გამოკითხვით და რაში გამოიყენებთ ამ ინფორმაციას. მაგ. მინდა ამ გამოკითხვით გავარკვიო თუ რამდენად იმოქმედა პანდემიის დროს დისტანციურმა მუშაობამ თანამშრომლების სამუშაო დატვირთვაზე, სტრესზე, შემოქმედებით უნარებზე, თვითრეალიზაციის შეგრძნებაზე და კომპანიის მიმართ კუთვნილების განცდაზე რათა განვსაზღვრო თუ რა ტიპის რიტუალები შეიძლება დაინერგოს ოპტიმალური სამუშაოს და ცხოვრების ბალანსის მისაღწევად.
საუკეთესო ვარიანტი ინტერვიუს ჩაწერა და პარალელურად ჩანიშვნების გაკეთებაა. ხშირად რთულია ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა მოახერხოს, ამიტომ თუკი შესაძლებელია დაიხმარეთ ასისტენტები.
დაწერეთ ინტერვიუს გზამკვლევი სადაც ინსტრუქციის სახით სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის დაწერთ თუ რამდენ წუთში ჩაეტიოთ, როგორ დაიწყოთ, რომელ საკითხებს უნდა ჩაუღრმავდეთ და ა.შ.
ინტერვიუ ყოველთვის დაიწყეთ მომხმარებლის გაცნობით. სთხოვეთ მოგიყვეს საკუთარი თავის შესახებ. გააფრთხილეთ ინტერვიუს ხანგძლივობის შესახებ და სთხოვეთ ნებართვა თუკი ჩაწერას გეგმავთ.
არ გამოიყენოთ ისეთი კითხვები, რომლებითაც მომხმარებელს თქვენთვის სასურველი პასუხისკენ უბიძგებთ: მაგ. მოგეწონებათ ეს ფუნქციონალი რომ დავამატოთ? თუ გსურთ გაიგოთ რა აკლია პროდუქტს, ჰკითხეთ: რის დამატებას ისურვებდით? ჰკითხეთ ბევრჯერ - რატომ? 5 რატომ-ის წესი, რომელიც პირველივე კვირას განვიხილეთ აქტიურად გამოიყენება მომხმარებელთან იდეის ვალიდაციის და ნებისმიერი გამოკითხვის დროსაც.
მაგ. კინოში რამდენად ხშირად დადიხართ?
- როგორც წესი თვეში ერთხელ
- რატომ თვეში ერთხელ?
- იმიტომ რომ როგორც წესი თვეში ერთხელ მინდება რამე ვნახო?
- რატომ არ გინდებათ უფრო მეტჯერ ფილმების ნახვა?
- იმიტომ რომ კინოში წასვლა უაზრობა მგონია თუკი ნამდვილად კარგ ფილმზე არ მივდივარ. კარგი დრამის ყურება მიყვარს. სხვა ჟანრებით არ ვარ დაინტერესებული.
თუკი მართლა გსურთ გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი, ჩუმად უნდა იყოთ. არ შეეცადოთ შეავსოთ უხერხული სიჩუმე მორიგი კითხვით. აცალეთ მომხმარებელს. როგორც წესი, როცა სიჩუმე ჩამოვარდება, მომხმარებელი გულწრფელად იწყებს საუბარს.
თუკი ვერ იღებთ თქვენთვის საინტერესო პასუხს კითხვაზე, სხვაგვარად დასვით იგივე კითხვა.
ინტერვიუს ბოლოს ყოველთვის მიეცით პოტენციურ მომხმარებელს დაგისვან კითხვები. ამ კითხვებში შეიძლება თქვენთვის ფასდაუდებელი ინფორმაცია აღმოაჩინოთ.
ინტერვიუს დასრულებისად გულწრფელად მოუხადეთ მადლობა მომხმარებელს და დააჯილდოვეთ თუნდაც მცირე სიმბოლური საჩუქრით გაწეული დახმარებისთვის.
ინტერვიუებს შორის 10-15 წუთი მოიტოვეთ რეფლექსიისთვის.
სავარჯიშო: კლუბის მონაწილეები იწერენ ინტერვიუს მომხმარებელთან ზემოთხსენებული რჩევების გათვალისწინებით და ახდენენ რეფლექსიას სამუშაო შეხვედრაზე.
კლუბის მონაწილეები ახდენენ ინტერვიუს მოდელირებას. ისინი ჯგუფის წინაშე ატარებენ ინტერვიუს. ჯგუფი აძლევს უკუკავშირს თუ რამდენად მოხდა ზემოთხსენებული რჩევების გათვალისწინება. თავად ინტერვიუერი და გამოკითხულიც ახდენენ რეფლექსიას ინტერვიუს პროცესზე.