ტრენდების ფორკასტინგი

ადამიანების უმეტესობას ტრენდზე არასწორი წარმოდგენა აქვს. 

ტრენდი არის ტენდენცია, საზოგადოებისთვის საინტერესო მიმართულება, რომელიც პოპულარული ხდება და ხანგძლივი პერიოდის მანძილზე გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ტრენდული ხდება კონცეფცია და სტილი და არა კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი. დროთა განმავლობაში ტრენდის გავლენის ქვეშ არის ყველა, და არა მხოლოდ საზოგადოების პროგრესული ნაწილი. ტრენდი ხშირად ერევათ ფად-ში. ფადი (Fad) არის პროდუქტი ან სერვისი, რომელიც უცებ ხდება პოპულარული. როგორც წესი ის სრულიად განსხვავებულია აქამდე არსებულისგან, მას უცებ აიტაცებენ, მაგრამ შეიძლება 1 წელიწადში აღარც ახსოვდეთ. ფადი არ ახდენს გავლენას სხვა სფეროებზე.


Timeline

Description automatically generated with low confidence

ტრენდია თუ ფადი: Athleisure, პრედიქტიული დაცვა, Popit, Bottega Veneta ფეხსაცმლის ოთხკუთხა ცხვირი?

Athleisure - არის სტილი, როდესაც სპორტული ტანსაცმელი ვარჯიშის გარდა სხვა სოციალურ შემთხვევებში აცვიათ. მაგალითად, საქმიან შეხვედრაზე, ან საყიდლებზე სიარულისას.  იმის გამო, რომ ბოლო წლებში ჯანმრთელობის  შესახებ ცნობიერება მთელს მსოფილიოში გაიზარდა, ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ ჯანმრთელობაზე  ცხოვრების ყველა სფეროში, მოდის ჩათვლით. შესაბამისად, Athleisure არის ტრენდული კონცეფცია, რომელიც არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ბრენდთან და მის პოპულარობას განაპირობებს საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილება, და არა კონკრეტული ტრენდ-სეტერის ან დიზაინერის გემოვნება. რადგან Altheisure ტრენდია, იქმნება ისეთი ტანსაცმელი, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ნედლეული, რომელიც არ კარგავს ფორმას, არ აკავებს უსიამოვნო სუნს, არ იკუჭება, ათბობს, აგრილებს, გიზომავს სიცხეს, გითვლის ნაბიჯებს და ა.შ.

ასევე ტრენდია პრედიქტიული დაცვა (Predictive Protection). სულ უფრო მეტი ორგანიზაცა ცდილობს შექმნას ჭკვიანი ონლაინ პროდუქტი და სერვისი, რომელიც პროაქტიულად გიცავს, ზრუნავს უსაფრთხოებაზე, გარემოზე ჩვენი საჭიროებების წინასწარ განჭვრეტით. ინტერნეტ საუკუნეში ადამიანები სულ უფრო მეტს სთხოვენ ტენქოლოგიებს. მაგალითად, ახლა მოველით რომ ტექნოლოგიებმა წინასწარ გამოიცნონ და აქეთ შემოგვთავაზონ ჩვენთვის აქტუალური და ღირებული ინფორმაცია.  Predictive Protection- ის ერთ ერთი განსახიერებაა ჰაერის დაბინძურების მზომი აპლიკაცია და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და სერვისები. 


2020 წელს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ბავშვების, მოზარდების თუ ზრდასრულების უმეტესობა Popit-ით (პოპიტით) თამაშობდა. თავისი წინამორბედი სპინერის მსგავსად, ამბობენ რომ პოპიტი ნერვებს ამშვიდებს და კონცენტრაციას აუმჯობესებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერულად  დამტკიცებული არ არის, მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრდება. მთელმა სამყარომ აიტაცა პოპიტი, თუმცა, სავარაუდოდ, როგორც მისი წინამორბედი სპინერი  2 წლის შემდეგ ისიც ყველას დაავიწყდებაა. სპინერი, პოპიტი და სხვა მსგავსი ფიჯეტები (fidgets) ფადია და არა ტრენდი, თუმცა ის არის Mindfullness-ის (გაცნობიერებულობა) ტრენდის გამოძახილი.  გლობალურად ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებაც გაიზარდა.  დინამიურ, არაპროგნოზირებად და სტრესულ გარემოში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის დიდ გამოწვევად იქცა კონცენტრირდეს და შეიგრძნოს საკუთარი თავი აქ და ახლა. ამიტომ, სულ უფრო მეტმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დაიწყო ფიქრი ემოციურ ჯანმრთელობაზე, დაბალანსებულ ცხოვრებაზე. გაიზარდა მოთხოვნა  პროდუქტებზე და სერვისებზე, რომლებიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ბალანსს უზრუნველყოფს. 


რომ შევაჯამოთ, არც Bottega Veneta-ს ოთხკუთხეთცხვირიანი ფეხსაცმელია ტრენდი და არც რომელიმე ჰიპსტერულ კაფეში კოლბაში ჩასხმული ყავა. თავად ჰიპსტერული სუბკულტურა ნამდვილად არის ტრენდი, რომელიც შეიჭრა ყველა სფეროში და გასცდა ინოვატორებისა და ადრეული ადეპტების ჯგუფებს. ჰიპსტერული სუბ-კულტურის გავლენას მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ.


A collage of a person

Description automatically generated with medium confidence

თუ კარგად დავაკვირდებით, ახალი ტრენდი, ვიდრე მასიური გახდება, თითქოს კარგა ხანია მწიფდებოდა. თუკი ახალი ინოვაციური სტილი ორ ან მეტ ინდუსტრიაში შეიმჩნევა, სავარაუდოდ, ის ტრენდად გადაიქცევა და სხვა ინდუსტრიებშიც გავრცელდება. მაგალითად, რომანტიზმი, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა ინტელექტუალურ სტილად და მოძრაობად, ჯერ ვიზუალურ ხელოვნებაში, მუსიკასა და ლიტერატურაში დამკვიდრდა, მოგვიანებით კი პოლიტიკაზეც დიდი გავლენა მოახდინა, რადგან რომანტიკოს მოაზროვნეებს დიდი წვლილი მიუძღოდათ ლიბერალიზმის, რადიკალიზმის, კონსერვატიზმის და ნაციონალიზმის  ჩამოყალიბებაში. საფრანგეთის რევოლუცია, ევროპის როგორც ეროვნულ ერთეულად ჩამოყალიბება, საბჭოთა კავშირის შექმნა და ანტისემიტიზმიც კი, რომანტიული ნაციონალიზმის გავლენის შედეგია. 

ჰიპსტერული კულტურა თუ სუბ-კულტურა?

კულტურა ერთგვარი კომუნიკაციის ველია, რომელშიც ადამიანს აქვს უნარი გამოცდილებები სიმბოლოებით აღიქვას და დაახარისხოს და შემდეგ ამ სიმბოლოების საზოგადოებაში კომუნიკაცია მოახდინოს (Tyler, 1874).  ეფემერული ელემენტები (ინტერაქცია ან გამოცდილებები) და მატერიალური პროდუქტები სოციალური გაზიარების ამ პროცესში ქმნის  საერთო გაგებას, რომელსაც კულტურას ვუწოდებთ. როდესაც კულტურის მახასიათებლები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრება, ასეთ კულტურას მას-კულტურას ვუწოდებთ.

ვიდრე ტრენდი საყოველთაო სახეს მიიღებს, ის ჯერ სუბ-კულტურის სახით გვევლინება. სუბ-კულტურა ერთგვარი ამბოხის ფორმაა მეინსტრიმული, ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი ნორმების და კულტურის მიმართ. სუბ-კულტურა დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდობის იდენტობის ფორმირებაში. როგორ ცდილობს ახალგაზრდობა მისი კონკრეტულ სუბ-კულტურასთან ასოცირება მოახდინოს?  - სტილის მეშვეობთ. ზოგადად, ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, თუ რა ითვლება ე.წ. კარგ ტიპობად (what is cool), რათა თავიანთი სოციალური სტატუსი დამაჯერებლად გამოეხატათ. ამიტომაც დროთა განმავლობაში სუბ-კულტურული განმასხვავებლები ეკონომიკურ ღირებულებას იძენენ. თუმცა, როდესაც სუბ-კულტურა კომოდიფიკაციას (commodification) განიცდის, ის უკვე მას-კულტურად გარდაიქმნება. 

21-ე საუკუნის წამყვანი ტრენდი - ჰიპსტერული სუბ-კულტურა ერთბაშად არ აღმოცენებულა. ჰიპსტერებს ამერიკაში, 1940-იანი წლებში უწოდებდნენ თეთრკანიან, საშუალო კლასის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ ამბოხს იმდროინდელი რასიზმის მიმართ საკუთარი კლასისა და კანის ფერისთვის „შეუსაბამო“ ცხოვრების წესით გამოხატავდნენ. იმდროინდელი ჰიპსტერები ჯაზის ფანები იყვნენ და ჯაზის მუსიკოსების ცხოვრების სტილით ცდილობდნენ ცხოვრებას: განგებ ეცვათ ღარიბულად, ეწეოდნენ მარიხუანას და იყენებდნენ სხვა ტიპის ნარკოტიკებს, ცხოვრობდნენ თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით. თავისუფალი ცხოვრება, არაფორმალური ჩაცმულობა,  უშუალობა, სარკაზმი და თვით-ირონია - ასეთი იყო 40-იანი წლების ჰიპსტერების სტილი. ჯეკ კერუაკი საკულტო რომანში „გზაზე“ პირველი თაობის ჰიპსტერების ამბებს გვიყვება. 


 21-ე საუკუნის ჰიპსტერული კულტურაც კარგად დავიწყებული ძველია. 1997 წელს ჟურნალისტმა ვიტნი ვოქერმა New-York Daily News-ში პირველად შენიშნა, თუ როგორ აქციეს უძრავი ქონების ქირის ზრდის გამო მანჰეტენიდან, ისთ ვილიჯიდან და ალფაბეთ სითიდან ბრუკლინში ახლად-გადმობარგებულმა  ხელოვანმა ადამიანებმა ბრუკლინი ბოჰემურ და ჰიპსტერულ ადგილად. თავის მხრივ, ვილიამსბურგი, რომელიც აქამდე ძირითადად ლათინოსებით იყო დასახლებული, შედარებით უფრო შეძლებულმა სტუდენტებმა, მწერლებმა, ჟურნალისტებმა და მხატვრებმა ჩაანაცვლეს. შერონ ზუკინი თავის წიგნში „შიშველი ქალაქი“ გვიყვება თუ როგორ გახდა ბრუკლინი ე.წ. „cool“ ადგილი, თუ როგორ უცვალეს ვიზუალური და კულტურული იერსახე ბრუკლინს მხატვრებმა და აქციეს ის ავთენტურ ჰიპსტერულ ადგილად, რამაც მართალია უძრავი  ქონების ღირებულება გაიზარდა, მაგრამ არტისტებისთვის ბრუკლინი ნიუ-იორკში ყველაზე მიმზიდველ და ავთენტურ ადგილად აქცია. 

"მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის  ამერიკული ურბანული ცხოვრების ერთ ერთი საინტერესო კულტურული მოვლენაა ის, რომ ქალაქების მცხოვრებლები გახდნენ განათლებული ადამიანები, რომლებსაც დიდი კულტურული კაპიტალი გააჩნდათ. მათ დიდად არ ანაღვლებდათ ის ფაქტი რომ ბევრი ფული არ ჰქონდათ. სამაგიეროდ ჰქონდათ "საკუთარი თავები", ნორმალური სამსახური და დიდი ინტერესი კულტურის, ხელოვნების და ქალაქური ცხოვრების ესთეტიკის მიმართ. ამიტომ, მათ დაიწყეს მოკირწყლულქუჩებიანი, აგურით აშენებული, ყოფილი ინდუსტრიული ადგილების ძებნა, სადაც პატარა სახელოსნოებს ან მაღაზიებს საინტერესო ადგილებად გადააქცევდნენ. ეს მათი მშობლების თაობისგან რადიკალურად განსხვავებული ქცევა იყო. 60-70იან წლებში, მათი მშობლები ურბანული ცხოვრებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. მჭიდრო დასახლება, მანქანებით გადატვირთული ქუჩები,  ცათამბრჯენები, ეს ყველაფერი მშობლებისთვის დამთრგუნველი იყო და შვებას ქალაქგარეთ დასახლებაში ეძებდნენ. მშობლების თაობა ფიქრობდა რომ ქალაქები მომავალში სულ უფრო დეგრადირდებოდა და გაღარიბდებოდა, თუმცა, სწორედ მათმა შვილემა შესძინეს ქალაქებს თანამედროვე იერსახე. ისინი დაბრუნდნენ ქალაქებში საკუთარი ავთენტური გარემოს შექმნის მიზნით." (შერონ ზიუკინი). 90-იან წლებში ბრუკლინის მცხოვრებლების 20% შემოქმედებითი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, მაშინ როცა ნიუ-იორკის მცხოვრებლების მხოლოდ 4%, ხოლო მთელს ამერიკაში, მხოლოდ 2% იყვნენ შემოქმედებით საქმიანობაში. (Zukin, 2010).  ბედის ირონიით სწორედ ავთენტურობის ძიებამ მოახდინა გარემოს მასიური ჯენტრიფიკაცია და ახალი ტიპის არტიზანული, ალტერნატიული სამომხმარებლო სივრცეების გაჩენა. მაგალითად ასეთ ალტერნატიულ სამომხმარებლო სივრცედ შეიძლება ჩაითვალოს ველოსიპედების მაღაზია, სადაც შეგიძლია საკუთარი ველოსიპედი ბამბუკისგან თავად ააწყო. სახელოსნო, სადაც ადგილობრივებს ასწავლიან საკუთარი ვიტრაჟული ფანჯრების დამზადებას, ან ძაფების მაღაზია, სადაც იშვიათი მასალის, მაგ. ალპაკას ბეწვისგან დამზადებული ძაფები იყიდება.  ბარები, რესტორნები და საცალო ვაჭრობის ბუტიკებიც მალევე აყვნენ და დაიწყეს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითქოს ყველაფერი ყველას თვალწინ, თუმცა მაინც პრივატულად ხდებოდა. ასეთ ადგილებში ადგილობრივები ხვდნებოდნენ ერთმანეთს  საქმეზე თუ გასართობად და იმასაც ხედავდნენ ვის ხვდებოდა მათი მეზობელი. თანდათან ასეთმა ადგილებმა მედიის ყურადღება მიიპყრო, რასაც ენტრეპრენერების ნაკადი მოყვა, რომლებსაც აქამდე აუთვისებელი ბაზრის ათვისება მოუნდათ.  ასე შეიქმნა ბრუკლინში ვილიამსბურგის უბანი. პატარა ბერლინი, როგორც მას 90-იანების ბოლოს უწოდებდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში ვილიამსბურგი გახდა ალტერნატიული როკის და ელექტრონული მუსიკის „აკვანი:. ვილიამსბურგის ჯენტრიფიკაციაზე პრინსტონის პროფესორმა სიუ ფრიდრიხმა 2013 წელს დოკუმენტური ფილმი “გენერალური რემონტი (“Gut Renovation”) გადაიღო. მოკლედ, თუ დღევანდელი ჰიპსტერები ვილიამსბურგში აღმოცენდნენ, ჰიპსტერული კულტურა დღეს უკვე გლობალური მოვლენაა და სუბ-კულტურიდან ნელნელა მასკულტურად ჩამოყალიბდა, რაც მისი დომინანტობის დასასრულზე მიუთითებს. 

და მაინც, რა ღირებულებები აერთიანებთ ჰიპსტერებს. ჰიპსტერებისთვის სოციალური თანასწორობის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. ქოვორქინგ სივრცეები, ისეთ ბიზნესები როგორიცაა Uber და Airbnb სწორედ  თანასწორობის და გაზიარების იდეით შეიქმნა. დღეს მთელს მსოფლიოში აქტუალურია ადგილობრივი მეწარმეების, ხელოვანების, ფერმერების თუ სხვა ადგილობრივი თემისა და სამეზობლოს წარმომადგენლების მხარდაჭერა. თუკი ადრე სასტუმროში 24 საათიანი სერვისს ან სარელაქსაციო მასაჟს გთავაზობენ, დღეს შესაძლოა ადგილობრივი დიჯეის მასტერკლასზე დასწრება ან ადგილობრივი კერამიკოსის ვორქშოფზე მონაწილეობა შემოგთავაზონ. ჰიპსტერული კულტურა, თანასწორობის იდეის მხარდამჭერია და თანაუგრძნობს სუსტს და პატარას. ამიტომ ჰიპსტერებს არ უყვართ დიდი კომპანიები და კორპორაციები. ხშირად მათ რომანტიზებული აქვთ სოციალიზმი. ჰიპსტერულმა კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა ბიზნესის და ზოგადად კაპიტალიზმის თანამედროვე ფორმასა და ღირებულებებზე. დღეს ყველამ იცის, რომ რაც არ უნდა მომგებიანი იყოს კომპანია, თუკი ის არ ქმნის ღირებულებას იმ თემისთვის სადაც ოპერირებს, ან არ შეაქვს წვლილი ამ საზოგადოების განვითარებაში, მისი წარმატება მოკლევადიანია.  ჰიპსტერების ნოსტალგიური განწყობა ვიზუალურ ესთეტიკაზე აისახება. ჰიპსტერული ჩაცმის სტილი კარგად ჩანს ჰიპსტერული იდეოლოგიის ბრენდებში, აწ უკვე გაკოტრებულ American Apparel  ან Urban Outfitters-ში. ჰიპსტერული „ლუქი“ 60-იანი წლების ჰიპი, პანკ და 90-იანების გრანჯ სტილის ნაზავია. ჰიპსტერებს ძალიან უყვართ ვინტაჟი. ჯანსაღი კვების მნიშვნელობა, მისი წარმომავლობა და ეთიკური წარმოება ძალიან ჰიპსტერული მოვლენაა. ჰიპსტერებისთვის ძალიან ბუნებრივია ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი. ურბანული ფერმერობაც ჰიპსტერულია. 


Chart, pie chart

Description automatically generated

 დღევანდელ ჰიპსტერულობის მცნებას რთულია სუბ-კულტურა ეწოდოს, რადგამ ის უკვე ნორმა უფროა ვიდრე პროტესტი. მისი გავლენა ყველა სფეროში შეიგრძნობა და თანაც ეკონომიკური ფასეულობაც გააჩნია. ჰიპსტერული სუბ-კულტურის მასიურ კულტურად გადაქცევას ჩვენი ცხოვრების დიგიტალიზაციამ და ინტერნეტის გავრცელებამ შეუწყო ხელი. თუკი ადრე სუბ-კულტურები მცირე მასშტაბით ახერხებდნენ საკუთარი იდენტობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, დღეს, გლობალიზაციის და მედია ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, თვით-გამოხატვის გზებიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდა და მისი გავრცელების შესაძლებლობებიც. ასე გამოჩნდა საძიებო სისტემებში ჩვენთვის აქამდე „დამალული“ და შორეული თემები და ჯგუფები, მათი გემოვნება, სტილი და ღირებულებები. დღეს ადამიანს თავისუფლად შეუძლია გააზიაროს მისი ყველაზე პირადული გამოცდილებებიც კი, მოვლენების განვითარებას მიმდინარე რეჟიმში ადევნოს თვალ-ყური და ზღვა ინფორმაციას გაეცნოს. რა არის შემდეგი სუბ-კულტურა, რომელიც გავლენას მოახდენს ჯერ ძალიან პროგრესულ ადამიანებზე, ხოლო შემდეგ კი ფართო მასებზე - ამაზე ფიქრი ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის ანდ სერვისის შემქმნელისთვის მნიშვნელოვანია. 

უკიდურესობები

ტრენდს ცვლილებისას ახასიათებს ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა. მაგალითად, იხილეთ როგორ იცვლებოდა  მეოცე საუკუნის ქალის ტანსაცმლის სტილის ტრენდები. ტრენდების რადიკალიზმი ვრცელდება ტრენდის ყველა ასპექტზე და მათ შორის ცხოვრების სტილსა და ღირებულებებზეც.  

Chart, scatter chart

Description automatically generated


ჰიპსტერებმა მათი მშობლების თაობისგან განსხვავებით, ურბანული ცხოვრება და მისი ესთეტიკა ტრენდული გახადეს. თუმცა, ბოლო წლებში, მთელს მსოფლიოში სულ უფრო მეტს საუბრობენ ურბანული ცხოვრების ზიანზე. უკვე ძალიან ხშირად გვხვდება სტატიები, პოდკასტები და გადაცემები, სადაც საუბარია თუ რამდენად მავნეა ქალაქში ცხოვრება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. პანდემიამ ბევრი ადამიანი დააფიქრა ქალაქგარეთ ცხოვრების საჭიროებაზე.  კოვიდ-19 ძირფესვიანად შეცვალა ქალაქების ცხოვრება. ოფისებში მუშაობა დისტანციურმა მუშაობამ ჩაანაცვლა. ზოგიერთმა ორგანიზაციამ განაცხადა რომ სამუდაომოდ დისტანციურად განაგრძობს მუშაობას. მაგალითად, Twitter - ის CEO-მ თანამშრომლებს სამუდამოდ მისცა  სახლიდან მუშაობის უფლება. თუმცა, ფაქტია, დისტანციური მუშაობაც გამოწვევებით არის სავსე.  ამიტომ, შეიმჩნევა ტენდენცია ორგანიზაციებმა ოფისები დიდი ქალაქებიდან რაიონულ ცენტრებში გადაიტანონ. 


რატომ არ მუშაობს ტრენდ ფორკასტები?


დეკემბერში მომავალი წლის ტენდენტიებზე წერა ბევრ პოპულარულ გამოცემას ჩვევია, თუმცა, ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე რომ ეს „წინასწარმეტყველებები“ ან ახალს არაფერს გვეუბნება და გვასწავლის და არც რეალობას ემთხვევა. ყველაზე დიდი შეცდომა რაც ტრენდ ფორკასტინგის  დროს მოსდით, ის არის, რომ ტრენდად ასაღებენ პროდუქტებს ან სერვისებს. მაგ.:

  • დრონები დაგვიპყრობენ! 

  • ვირტუალური რეალობა ყველა სფეროში!

  • ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები!


არც ერთი ზემოთჩამოთვლილიდან არ ასახავს იმ ტენდენციებს რომლებიც ეხლა „იხარშება“ და გავლენას მოახდენს მომავლის მომხმარებლის ქცევაზე. 

ტრენდი არასოდეს არის ფაქტების დეკლარაცია და ის რაც ისედაც ვიცით. ტრენდად შერაცხვას სჭირდება მტკიცებულებები, კვლევა. კარგი ტრენდ ფორკასტერი არ კმაყოფილდება ტრენდის აღწერით, არამედ გვთავაზობს ტრენდის სხვადასხვანაირად გამოყენების შესაძლებლობებს. 


როგორ ამოვიცნოთ ტრენდები?


იმისთვის რომ განივითაროთ არსებული ტრენდების შემჩნევის უნარი მათი ჩასახვის ან ადრეული განვითარების ეტაპზე,  არ უნდა დაკმაყოფილდეთ თქვენთვის ჩვეული საინფორმაციო წყაროებით, ხოლო მომავლის ტრენდების წინასწარმეტყველების უნარისთვის კი ტრენდების კვლევაში უნდა გაიწაფოთ და არატრადიციულ აზროვნებითა და გამძაფრებული დაკვირვების უნარით, დაინახოთ კავშირები მათ შორის, რასაც კითხულობთ, ხედავთ, ისმენთ. მომდევნო თავში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა თვისებები გააჩნია ტრენდის კურატორს. 


გარემოზე დაკვირვება


ტრენდ ფორკასტერს ფუტურისტს (Futurist), მომავლის მკვლევარსაც უწოდებენ. ფუტურიზმი ლათინურად ნიშნავს მომავალს, იმას, რაც იქმნება მომავალში. თუმცა ეს ფუტურიზმი  არ უნდა აგვერიოს ლიტერატერატურულ მიმდინარეობა ფუტურიზმში, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში იტალიაში წარმოიშვა  და რომელიც წარსულის მემკვიდრეობას ნიჰილისტურად უარყოფდა. მართალია ფუტურიზმმა ხელოვნების სხვა დარგებზეც მოახდინა გავლენა, თუმცა მალევე დეგრადირდა როგორც მიმდინარეობა, თავისი ფაშისტური, მიზოგინური და უმცირესობების ჩაგვრისჯენ მისწრაფებების გამო.  უცნაურია, რომ დრომ წაშალა ჩვენს მახსოვრობაში ფუტურიზმის თითქმის ყველა ნეგატიური ასპექტი და თანამედროვე ხელოვნებაში ის ისევ რჩება გამოხატვის ფორმად. ახლანდელი პერფომანსის ტრენდები, ის რაც თანამედროვე წარმოდგენაში მოგვწონს: ინტერაქციულობა, მაყურებლის ჩართულობა, სპეც-ეფექტების და ტექნოლოგიის გამოყენება, ემოციებზე თამაში, ეს ყველაფერი ფუტურიზმით არის ინსპირირებული.  


დავუბრუნდეთ ფუტურისტს, როგორც მომავლის მკვლევარს. გარკვეულწილად ჩვენ ყველანი ფუტურისტები ვართ. მუდამ ვფიქრობთ რა მოხდება და შესაბამისად ვგეგმავთ.  2019 წლის 19 დეკემბერს ვაშინგტონ პოსტში დეივონ ფავერსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:  „მომავალში სულ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში. ეკოლოგიური კატასტროფები, პოლიტიკური არეულობა, ეკონომიკური დაუცველობა აიძულებს ამერიკელებს განმარტოვდნენ სხვებისგან მოშორებით, საკუთარ თავშესაფრებში. კულინარია, სახლის დიზაინი, სახლში მიტანის სერვისები და ხარისხიანი უერთიერთობები მეტ ფასს შეიძენს. ჩვენ ჩავეხუტებით ჩვენს საყვარელ ადამიანებს და ჩვენს ხელსაწყოებს და სამყაროს ფანჯრიდან  და ეკრანებიდან მივადევნებთ თვალყურს“. დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა შიშისმომგვრელია ამის წაკითხვა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს 2020-ის პროგნოზი კი არა, 70-იანების ბოლოს დანახული 90-იანი წლებია. შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს სოციალური ცვლილების წელი, მაგრამ ფაქტია ადრე თუ გვიან ტრენდ ფორკასტერების „წინასწარმეტყველება“ ხდება. 


მომავლის კვლევა, პირველად კომპანია Royall Dutch Shell-მა 60-იანი წლების ბოლოს კორპორაციული სტრატეგიის დაგეგმვისთვის გამოიყენა. კომპანიის მენეჯმენტმა განსაზღვრა მომდევნო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში მოვლენების ათასნაირი სცენარით განვითარების შესაძლებლობა და  განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ სცენარების მიხედვით დაგეგმა. შელის სცენარების დაგეგმვის მეთოდი, რომელსაც მომავალში უფრო დეტალურად გავნიხილავთ, დღესაც აქტუალურია კორპორაციული სტრატეგიის შემუშავებისას. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1965 წელს Dutch Royal Shell-მა უნიფიცირებული დაგეგმვის მანქანის (Unified Planning Machinery) გამოყენება დაიწყო რაციონალური ფინანსური ფორკასტინგისთვის. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები მალევე დარწმუნდნენ, რომ მათი სტრატეგიული გადაწყვეტილებები 5-6 წლიანი პროგნოზებზე ბევრად უფრო გრძელვადიან დაგეგმვას საჭიროებდა. ახალი მენეჯმენტის პირველი რევოლუციური ნაბიჯი 1967 წელს მომავლის, 2000 წლის რეპორტის მომზადება იყო. ნიულენდმა და ალკენამ სცადეს ალტერნატიული მომავლის განჭვრეტა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. თავიდან, შელის მეთოდი უშუალოდ მომავლის წინასწარმეტყველებაზე არ აკეთებდა აქცენტს, არამედ მრავალფეროვანი სცენარით მომავალში კომპანიის განვითარებას განიხილვდა. ამ უთვალავი სცენარის და შელის, თუმცა ასე „იწინასწარმეტყველა“ შელმა ადამიანის მთვარეზე გაფრენა, საბჭოთა კავშირის დაშლა, 11 სექტემბერი, ელექტრომანქანები, პანდემია და ა.შ. და ყველა ამ მოვლენით წარმატებით ისარგებლა.  კორპორაციები ტრადიციულად ერთი დიდი რისკის წინაშე დგანან - მოუმზადებლები შეხვდნენ გარემო მოვლენებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ფიქრობენ, რომ მომავალი დაახლოებით ისეთივეა როგორიც აწყმო. შელი თავისი სამი ჰორიზონტის დაგეგმვის მეთოდით, რომელსაც მომავალში დეტალურად განვიხილავთ, ორგანიზაციებს ეხმარება გაიაზრონ რომ საჭიროა ისეთი მომავლისთვის მომზადება, რომელიც არაფრით ჰგავს აწმყოს. 



მომავლის კვლევას სულ სხვა საფეხურზე აჰყავს თქვენი პროგნოზირების და შესაძლებლობების მართვის უნარები. მომავლის კვლევა იწყება იმ ცვლილებების შემჩნევით, რომელიც ახლა ხდება. ამიტომ, ფორკასტერის ამოცანაა ამოიცნოს ცვლილება, გაიაზროს ის და შესაბამისად იმოქმედოს. 


მომავლის კვლევის არსი: ამოცნობა, გააზრება, მოქმედება.



ამოცნობა

გარემოზე დაკვირვების მიზანია ამოვიცნოთ ის ცვლილებები რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარეობს და რაც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. ამოცნობის უნარი ეფუძნება დაკვირვების უნარს განვსაზღვროთ ცვლილების ადრეული ნიშნები. ტრენდ ფორკასტერის დაკვირვების სამიზნეა აწმყო რომელიც შეიცავს წარსულის შედეგებს და მომავლის ნიშნებს. პირველ რიგში კარგად უნდა გაერკვეთ თუ როგორ აღიქვამთ თავად წარსულს, აწმყოს და მომავალს, რადგან ეს განაპირობებს თუ როგორ აღიქვამთ გარემოს.   


გააზრება

ტრენდ ფორკასტერის ამოცანაა გაიაზროს თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული წარსული, აწმო და მომავალი. მოითხოვს  ცვლილების განმპირობებელი ფაქტორების (ე.წ. დრაივერების) ანალიზს. თუმცა ადამიანებს ხშირად ჰგონიათ რომ წარსულის ფაქტები უნდა აღვიქვათ როგორც ჭეშმარიტება, მაშინ როცა წარსულშიც იმდენივე მისტიკაა, რაც მომავალში. არასოდეს ვიცით ზუსტად რა მოხდება. სწორედ ამიტომ საჭიროა დავფიქრდეთ ალტერნატიულ მომავლებზე.


მოქმედება 


ტრენდების და მომავლის კვლევა გვეხმარება ხედვის და სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ის გვაფიქრებს მოსალოდნელ ცვლილებებზე და გამოწვევებზე რაც ამ ცვლილებებს მოყვება. იმის ცოდნა თუ რა შეიძლება შეიცვალოს გვიქმნის სწარფად რეაგირების საჭიროების შეგრძნებას (sense of urgency) და გავლენას ახდენს პოლიტიკურ, ორგანიზაციულ თუ პირად გეგმებზე. 


დაფიქრდით როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა გართობის, დასვენების, მგზავრობის, კვების, ფინანსური სერვისების, სამედიცინო მომსახურების მიღების სფეროში ბოლო 5-10 წლის მანძილზე, პანდემიამდე? როგორ შეიცვალნენ მომსახურების მიმწოდებლები: სასტუმროები, კლინიკები, რესტორნები, საზ. ტრანსპორტი დ ა.შ? რატომ? ახლა განიხილეთ პანდემიის ცვლილებები იგივე სექტორებში 


პანდემიამ მთელს მსოფლიოში ძირფესვიანად შეცვალა მომხმარებლის პრიორიტეტები. რომ დავფიქრდეთ, ის რაც აქტუალური გახდა ახლა, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ერთი წლის წინაც კი. ადამიანებს აქამდე არასოდეს დაუცხვიათ ამდენი პური შინ, დაურგავთ ჩითილები სახლის სახურავზე და დაუწყიათ ფიქრი, როგორ დააღწიონ თავი ქალაქში ცხოვრებას. ორგანიზაციების ფუნქციონირებაც მთლიანად შეიცვალა. მენეჯერებს სხვა არა დარჩენიათ, თუ არა მეტი ნდობა გამოუცხადონ თანამშრომლებს და მისცენ საშუალება იმუშაონ საიდანაც სურთ და როგორც სურთ, მათი უშუალო მეთვალყურეობის გარეშე. 


რა არის დღეს აქტუალური: 





თუმცა ის, რომ შეიცვლებოდა თუ როგორ ვმუშაობთ, როგორ ვურთიერთობთ  და როგორ ვცხოვრობთ, ბევრი წელია საუბრობდნენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის კონტექსტში. პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაცია და ის კომპანიებიც კი ვინც აქამდე ფეხს ითრევდა, იძულებული გახდა ონლაინ არხებზე დაფიქრებულიყო. პანდემიამ მომხმარებლის განწყობები და ქცევაც რადიკალურად შეცვალა. Ernst & Young-მა პანდემიის პირველი ტალღის დროს, აპრილში, გლობალური კვლევა ჩაატარა და 30 ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხა მომხმარებლის განწყობების და სამომავლო გეგმების დასადგენად. 

იმის გააზრება თუ რაზე ღელავს მომხმარებელი/მოქალაქე ბიძგს აძლევს ბიზნესს, პოლიტიკას, ხელოვნებას შექმნას ადამიანისთვის ღირებული რამ. იქნება ეს ორგანიზაციული სტრუქტურა, სწავლების მეთოდი, ეკონომიკის გაჯანსაღების პროგრამა თუ არტ ინსტალაცია.


A picture containing text, businesscard

Description automatically generated



სად, ვისზე და როგორ ვაწარმოებთ დაკვირვებას


იმისთვის რომ შეიტყოთ წარსულის გავლენა დღევანდელ დღეზე, წაიკითხეთ წიგნები, შეისწავლეთ იმ პერიოდის ჟურნალები, უყურეთ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, გაესაუბრეთ იმ ეპოქის ადამიანებს (თუკი ეს შესაძლებელია). 


ტრენდ სეტერები


აწმყოს ტენდენციების გასაგებად ტრენდ ფორკასტინგის ერთ ერთი პიონერი ჰენრიკ ვეჟლგაარდი (Henrik Vejlgaard) გვირჩევს ტრენდ-სეტერებს დავაკვირდეთ. ტრენდ სეტერია ადამიანი რომელიც აღიარებულია თავის წრეში როგორც საინტერესო და გემოვნებიანი. ტრენდ სეტერი არ არის ინოვატორი და თავად არ ქმნის ტრენდს, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით ერთ ერთი პირველი აიტაცებს მას. 


როჯერსის ინოვაციების ათვისების მრუდი, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ, განმარტავს თუ როგორ იღებს ადამიანი სიახლეს. ტრენდ სეტერი ერთ ერთი პირველია, რომელიც სიახლით ინტერესდება.


თუ გვინდა გავიგოთ რა სტილი, კონცეფცია, ღირებულებებია აქტუალური, ვეჟლგაარდის თანახმად ამ ჯგუფებს უნდა დავაკვირდეთ. 



 


Diagram

Description automatically generated



ხშირად სწორედ ამ ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანები არიან ისინი, ვინც ინტუიციით გრძნობს თუ რა არის პროგრესული, ტრენდული და აქტუალური. ვეჟლგაარდის ჩამონათვალში შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ გეი მამაკაცების არსებობა. რატომ არიან არატრადიციური ორიენტაციის ადამიანები ტრენდ სეტერები და თანაც რაღა მაინცდამაინც მამაკაცები და არა ქალები? 

მამაკაცებსა და ქალებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ მამაკაცების გონება სამყაროს, საერთო მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ზოგადად უფრო ვიზუალურად და ესთეტიკურად აღიქვამს, ვიდრე ქალები. ხოლო ქალები უფრო ემოციურად აღიქვამენ, ვიდრე მამაკაცები. ამ თეორიას ამტკიცებს ის ფაქტიც რომ მამაკაცები პარტნიორის არჩევისას ძირითადად გარეგნობაზე ამახვილებენ ყურადღებას, ხოლო ქალები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სხვა თვისებებს. კინსის სექსის კვლევის ინსტიტუტმა ასევე დაადასტურა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ფოკუსირდებიან სახეებზე, როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანები სექსუალურად იზიდავთ. 


ევოლუციის პროცესში, მამრობითი სქესის მიერ ქალების სილამაზისთვის ამხელა მნიშვნელობის მინიჭებამ, ქალებს უბიძგა მეტი ყურადღება მიექციათ თავიანთ გარეგნობისთვის, რათა მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველები ყოფილიყვნენ. ეს თეორია დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რატომ არის ასე დაინტერესებული ზოგიერთი ჰომოსექსუალი მამაკაცი გარეგნობითა და სტილით, როგორც საკუთარი, ისე პარტნიორის. ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ არის გეი მამაკაცების გადაჭარბებული წარმომადგენლობა ტენდენციების შემქმნელებსა და ტრენდსეტერებს შორის თანამედროვე ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეში სულ უფრო მეტი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი ინტერესდება სტილის ასპექტებით, ამასთანავე, მაინც გეი მამაკაცები ადგენენ იმ წესებს, თუ რას ნიშნავს იყო თანამედროვე ნამდვილი მამაკაცი. 


პრიალა ჟურნალებმა შეამჩნიეს, რომ ჰეტეროსექსუალი კაცები სულ უფრო და უფრო გეებივით გამოიყურებიან, და გეი კულტურის გავლენა ჰეტეროსექსუალ მამაკაცებზე უფრო მეტია ვიდრე ლამაზი ტანისთვის ვარჯიში, ეპილაციის კეთება და პრადას ტარება. საქმე გვაქვს ცნობიერების ღრმა ცვლილებასთან. ფენომენს, როდესაც ჰეტეროსექსუალი კაცი გეი კაცივით იქცევა - მეტროსექსუალი დაერქვა. მეტრო - იმიტომ, რომ ასეთი ტენდენცია პირველად დიდი ქალაქების ფენომენი იყო და სექსუალური, რადგან ჰომოსექსუალი მამაკაცები ტრენდსეტერები არიან. 


ძალიან ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ ზოგადად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებაშიც ინოვატორები არიან. მაგ. ერთ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც 2000-იან წლებში ჩატარდა სარეკლამო სააგენტოების Witeck-Combs-ის და Harris Interactive-ის მიერ, უფრო მეტი გეი და ლესბოსელი იყენებდა იმ პერიოდის სიახლეს - ინტერნეტ ბანკს, უძრავ ქონებას ინტერნეტ აუქციონზე ყიდულობდა და ა.შ.


ვეჟლგაარდს ცნობილი Absolut – ის ქეისიც მოჰყავს მაგალითად. 90-ანებში ამერიკაში Absolut ყველასთვის უცნობი, ბიუჯეტური შვედური ბრენდი იყო მანამ, სანამ 1981 წელს მისი რეკლამა ორ გეი ჟურნალში არ დაიბეჭდა. ამას მოჰყვა ივენთები და სხვა სარეკლამო აქტივობები პრესტიჟულ გეი ბარებში. იმ პერიოდში ბრენდის მიერ ასეთი პოზიციონირება ძალიან უჩვეულო იყო. შედეგად, მალე Ablosut N1 გაყიდვადი არაყი გახდა ამერიკის კონტინენტზე არა მხოლოდ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებში, არამედ ზოგადად. Absolut-მა ამ მოვლენას საიუბილეო ბოთლის გამოშვებაც კი მიუძღვნა.


A picture containing diagram

Description automatically generated



ტრენდ სეტერები განსხვავდებიან ინფლუენსერებისგან. ინფლუენსერებისგან განსხვავებით ისინი განგებ არ ქმნიან სარეკლამო კონტენტს და ამის გამო მათ რეპუტაციაში ეჭვი არ შეაქვთ. ტრენდ სეტერებს უკვე დამკვიდრებული აქვთ თავიანთ წრეში ადგილი  სხვა რაღაცის გამო. შეიძლება ტრენდ სეტერი არც იყოს ცნობილი ადამიანი, მაგ. მსახიობი. ინფლუენსერი არის ადამიანი რომელსაც ფართო აუდიტორია ჰყავს და რომლის ზრდაზეც ის მიზანმიმართულად მუშაობს. 


ტრენდის შემქმნელი


ტრენდის შემქმნელი არის ადამიანი, რომელიც ქმნის საზოგადოებისთვის საინტერესო ახალ პროდუქტს, ახალ სტილს ან სრულიად ახლებურად, განსხვავებულად იწყებს მოქცევას. ზოგჯერ ტრენდ სეტერი ტრენდის შემქმნელიცაა, კოკო შანელმა, გადატრიალება მოახდინა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ქალის სილუეტში. გაათავისუფლა ის კორსეტისგან და ქალის ტანსაცმელი კომფორტული, სადა და ელეგანტური, სპორტული და ყოველდღიური გახადა, თუმცა, ის ტრენდ სეტერიც იყო და საკუთარი სტილის პოპულარიზაციას ყველაზე უკეთ ახერხებდა.  


სამაგიეროდ, ტრენდის შემქმნელი სულაც არ არის აუცილებელი ტრენდ სეტერი იყოს.   60-იან წლებში პოეტმა და პანკ მუსიკის ერთ ერთმა პირველმა შემსრულებელმა პეტი სმითმა დიდი წვლილი შეიტანა პანკ ლუქის შექმნაში. პირველად სწორედ მან დახია საკუთარი ჯინსები და მაისური - ტრენდი რომელიც სწრაფად აიტაცეს მთელს მსოფლიოში და ამდენი დეკადის შემდეგაც კი პერიოდულად ისევ ჩნდება მას-მოდაში. მიუხედავად იმისა რომ პეტი ჯერ კიდევ მაშინ წერდა და ასრულებდა პანკ მუსიკას, ვიდრე ამ მიმდინარეობას სახელი დაერქმეოდა, ის პანკ მუსიკის ტრენდ-სეტერია და არა ტრენდის შემქმნელი, ხოლო მოდაში საერთოდ არ იყო ტრენდ სეტერი, მაშინ როცა დახეული ტანსაცმლით პანკ ლუქი შექმნა.


A picture containing text, different

Description automatically generated


როგორ ამოვიცნოთ ახლანდელი ტრენდები


ახლანდელი ტრენდების ამოცნობის მეთოდი, ჰეისტაკის მეთოდი, ტრენდ ფორკასტერმა როჰიტ ბჰარგავამ შეიმუშავა. ბჰარგავა საკუთარ თავს უახლოესი მომავლის მკვლევარს, Near Futurist-ს უწოდებს. ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ექვსი ბესთსელერის ავტორი და საკონსულტაციო კომპანიის Non-Obvious Company-ს დამაარსებელია. ჰეისტაკის მეთოდი იმ ტრენდების ამოცნობას გვასწავლის, რაც ჩვენს საზოგადოებაში ახლა იჩენს თავს. ამ ტრენდების ამოცნობით გვესახება ახალი პერსპექტივები უახლოესი მომავლისთვის როგორც პირადი, ასევე საქმიანი გადაწყვეტილებებისთვის. ჰეისტაკის მეთოდი არა მხოლოდ სხვებისთვის მარტივად შეუმჩნეველი სოციალური მოვლენის ამოცნობის შესაძლებლობას გვაძლევს, არამედ იმაზეც გვაფიქრებს თუ რაში შეიძლება გამოგვადგეს ესა თუ ის ტრენდი უახლოეს მომავალში. 


მაგალითად, ერთ ერთ ტრენდს, რომელსაც ბჰარგავა თავის ყოველწლიურ გამოცემაში Non- Obvious 2019 ახსენებს არის „Side Quirks“  - „პარალელური ახირება“. ბჰარგავა საუბრობს ინდივიდუალიზმისკენ გლობალურ სწრაფვაზე, რაც ადამიანებს უბიძგებს ძირითადი საქმიანობის გარდა იქონიონ რამე გატაცება,  საყვარელი საქმე, რომელიც შეიძლება შემოსავლის წყაროც კი გახდეს. დღეს ადამიანები ძალიან აფასებენ ერთმანეთში ამ ინდივიდუალიზმის გამოვლინებას. მათთვის ეს „პარალელური ახირება“ ფულზე ბევრად მეტია, ერთგვარი თავშესაფარი დაუნდობელი ცხოვრებისგან, სადაც ბევრს წვალობ და ერთი კრიზისიდან მეორეში ინაცვლებ. „პარალელური ახირება“ ლატარეის ბილეთივითაა. „თუ გაარტყი“, შეიძლება ვლოგით, სადაც ბაწარზე სიარულს ასწავლი და თან მენტალურ ჰიგიენაზე საუბრობ ან Etsy-ს ონლაინ მაღაზიაში  მაჯისსისქე ძაფით ნაქსოვ გროტესკულ ქუდებs ყიდი, ჯეკ-პოტიც კი მოიგო. „პარალელური ახირება“ გაძლევს საშუალებას აკეთო რაც გიყვარს და თან ცოტა ან ბევრი ფულიც იშოვო. ძირითადი საქმიანობით ამის მიღწევა ბევრს სურს, მაგრამ ძალიან ცოტას გამოსდის. 


ბჰარგავას მაგალთად მოჰყავს კორეული ჰონჯას და იაპონური ჰიკიკომორის და ჩინური ინდივიდუალიზმის მაგალითები, რის მიღმაც დგას პროტესტი საზოგადოების და კულტურის მიმართ. ყველა კულტურა განსხვავებულად აფასებს ინდივიდუალიზმს, თუმცა იმ კულტურებშიც კი, სადაც მას მიესალმებიან, ადამიანები  მაინც ვერ ახერხებენ სრულად თვითგამოხატვას და რეალიზებას და საზოგადოებრივი წნეხი მათ კონკრეტული როლის მორგებას აიძულებს. ინტენეტმა, ბლოგებმა და ვლოგებმა, ისეთმა პლათფორმებმა როგორიცაა Etsy, თვითგამოხატვის და ინდივიდუალიზმის ხაზგასმის მოსურნე მილიონობით ადამიანს მისცა პარალელური ახირებით ბედნიერების პოვნის საშუალება.  „პარალელური ახირება“ უბიძგებს ადამიანებს გაბედონ და სცადონ ისეთი რაღაცეების კეთება, რაზეც ყოველთვის ოცნებობდნენ, წამოიწყონ ბიზნესი ან საქველმოქმედო საქმიანობა, იგრძნონ თავი უფრო დამოუკიდებლად და თვითკმარად.


ბევრი ბრენდი ცდილობს რომელიმე ჰობისთან ასოცირებით ემოციური კავშირი დაამყაროს მომხმარებელთან, მაგალითად Redbull. როდესაც ლიდერებს ხალხში  ნდობის დამყარება სურთ,  ისინი ცდილობენ საკუთარი პერსონა აჩვენონ როგორც მოწყვლადი და ადამიანური. უჩვეულო ან ჩვეულებრივი, არასამსახურეობრივი ინტერესის ჩვენება ლიდერისთვის მასებთან დაკავშირების საუკეთესო საშუალებაა. ასევე,  „პარალელური ახირების“ ტრენდით სარგებლობა შეუძლიათ ორგანიზაციებსაც, როცა სურთ აამაღლონ თანამშრომლების ბედნიერების ინდექსი და ორგანიზაციებში შექმნან უფრო ჩართული, შემოქმედებითი კულტურა. მაგალითად, კორპორაციულ სამყაროში ბოლო დროს სულ უფრო პოპულარულია უნარების ფესტივალი ე.წ. Skillshare Fest- ერთგვარი  ორიგინალური კორპორაციული ფართი, რომელიც თანამშრომლებს ახლებურად აცნობს ერთმანეთს. თანამშრომლები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ „ნიჭს“. ზოგი ასწავლის ყირამალა დგომას, ზოგი კარგი მწვადის შეწვის მასტერკლასს, ზოგი კი მედიტაციის გაკვეთილს ატარებს. ასეთი ღონისძიების ტიპს „unconference“ ეწოდება, როცა ინსტრუქტორები თავად სთავაზობენ ღონისძიების ორგანიზატორებს თავიანთი მასტერკლასს და დამსწრეები  ირჩევენ თუ რას დაესწრებიან. Skillshare Fest - ის ამოცანაა მონაწილეებს გააუღვივოს ერთიანობის, საერთო ღირებულებების და მიზნის განცდა. მას ორგანიზაციები იყენებენ როცა სურთ განავითარონ მეგობრული სამუშაო გარემო და შეუწყონ ხელი თანამშრომლების შემოქმედებითი ლიდერობის გამოვლენას.


ჰეისტაკის მეთოდი თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავს და ხუთი ეტაპისგან შედგება: შეგროვება, დახარისხება, სახელის დარქმევა, ვალიდაცია. პროცესი იწყება ამბების და ისტორიების შემჩნევით და შეგროვებით. შემდეგ ხდება მათი დახარისხება "თივის ზვინებად", შემდეგ თითოეული "ზვინის" შესწავლა რათა ამოვიცნოთ ტრენდი (ნემსი).



Last modified: Wednesday, 30 June 2021, 9:31 AM